ევროკავშირმა სასანქციო სიიდან ამოიღო რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი. ამავდროულად, ბლოკმა მომდევნო სამი წლის ვადით გაახანგრძლივა შეზღუდვები იმ თითქმის 3000 ფიზიკურ და იურიდიულ პირთან მიმართებით, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაში არიან დადანაშაულებულნი. მათ შორისაა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ინდივიდუალური სანქციების ვადა უპრეცედენტო ვადით - 36 თვით გაახანგრძლივა. აქამდე, ამ ზომების განახლება ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, რაც წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ შესაძლებლობას აძლევდა, დათმობები მოეთხოვათ.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების სიის მოქმედების ვადის ამოწურვის მოახლოების ფონზე (რაც სამშაბათს იწურებოდა), ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ კომპრომისს მიაღწია: გადაწყდა ორი ოლიგარქის სიიდან ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ ამ შედეგს ძალიან ცოტა ქვეყანა უჭერდა მხარს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის სანქციები ერთსულოვან დამტკიცებას მოითხოვს.
მიმდინარე თვეს, საფრანგეთმა „ეროვნული უსაფრთხოების“ მოტივით მოითხოვა რუსეთ-უზბეკეთის მოქალაქე უსმანოვის სიიდან ამოღება; გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოთხოვნა უკავშირდებოდა საფრანგეთის მოქალაქეების მონაწილეობით აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც პატიმართა გაცვლას ითვალისწინებდა.
ამის შემდეგ ლუქსემბურგმა ანალოგიური ნაბიჯი მოითხოვა რუსეთ-ისრაელის მოქალაქე მიხაილ ფრიდმანისთვის, რომელიც აქტივების გაყინვის გამო, საჰერცოგოს 16 მილიარდი დოლარის (12 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ოდენობის კომპენსაციას ედავება. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, სლოვაკეთი დიდი ხანია, ასევე გამოდის უსმანოვისა და ფრიდმანის სანქცირებულთა სიიდან ამოღებისკენ მოწოდებით.
ამგვარმა გამონაკლისებმა ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია, სადაც მიიჩნევენ, რომ ეს ქმედება ცუდ პრეცედენტს ქმნის, რადგან წევრ ქვეყნებს ეროვნული ინტერესების დაცვის საბაბით სანქციების შესუსტების საშუალებას ეძლევათ. თვის მხრივ, უკრაინამ აღნიშნული პირების სანქციების სიიდან ამოღება მიუღებლად მიიჩნია. გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „სანქციების სიაში არცერთი სახელი არ მოხვედრილა შემთხვევით: თითოეული მათგანი იმ მიზეზს წარმოადგენს, რის გამოც ეს ომი დაიწყო და დღემდე გრძელდება.“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ გადაწყვეტილებას „სამარცხვინო და გაუმართლებელი“ უწოდა.
სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება კვირის დასაწყისშივე იყო მოსალოდნელი, თუმცა ლატვიის მთავრობამ ორშაბათს, ბოლო მომენტში გამოთქვა წინააღმდეგობა სიებიდან პირთა ამოღების საკითხზე. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა ორშაბათს გვიან ღამით განაცხადა, რომ ვერ დათანხმდებოდა შემოთავაზებულ კომპრომისს და საგარეო საქმეთა მინისტრს პარიზსა და ბრიუსელთან, გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებებს გამართვა დაავალა.
დიპლომატების თქმით, ლატვია საბოლოოდ დათანხმდა, თავი შეეკავებინა კენჭისყრისგან იმ ორ პირთან დაკავშირებით, რომელთა სიიდან ამოღებაც განიხილებოდა.
ევროკავშირის უფრო მკაცრად განწყობილი ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, მკვეთრად დაუპირისპირდნენ სანქციების შემსუბუქებას და ამტკიცებენ, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. მეტალურგიული მრეწველობის მაგნატი უსმანოვი და საბანკო სექტორის მაგნატი ფრიდმანი იმ ათობით ბიზნესმენს შორის იყვნენ, რომლებმაც ევროკავშირს სანქციების გამო სასამართლოში უჩივლეს.
ორივე მათგანი სანქცირებულთა სიაში 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მალევე შეიყვანეს იმ ბრალდებით, რომ მათი ბიზნესები კრემლისთვის მნიშვნელოვან შემოსავლებს უზრუნველყოფდა. იგივე გადაწყვეტილება 2022 წელს მიიღეს გაერთიანებულმა სამეფომ და 2023 წელს - შეერთებულმა შტატებმა.