"ვიდრე არ დასტაბილურდება ეპიდსიტუაცია, გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პედაგოგების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, რაც ეპიდვითარებასთან ერთად წინაპირობაა სკოლაში სწავლის განახლებისთვის.
„სკოლაში სწავლის განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, ამას უჭერენ მხარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი“, აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მანვე განმარტა, რომ ყველა დეტალი განათლების სამინისტროსთან შეთანხმდება და გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება.
ცნობისთვის, WHO-მ და Unicef-მა როგორც სკოლების გახსნის, ასევე, 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულების აცრის რეკომენდაცია გასცეს.
საუბარია ბავშვებზე, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე ფორმით დაავადების რისკს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 78.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „ყველა პროგნოზით ეპიდვითარება ოქტომბერში დამშვიდდება“.