აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაცია უაღრესად წარმატებული იყო.
„აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი ომი დაასრულა - ყველაზე ხანგრძლივი ომი ამერიკის ისტორიაში. ჩვენ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო ოპერაცია დავასრულეთ. 120 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ. არცერთ ქვეყანას არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამე. მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჰქონდა ამის უნარი, ნება და შესაძლებლობა. ჩვენ ეს დღეს გავაკეთეთ. ამ მისიის წარმოუდგენელი წარმატება შეერთებული შტატების სამხედრო ძალების, ჩვენი დიპლომატებისა და დაზვერვის პროფესიონალების წარმოუდგენელი უნარით, მამაცობითა და თავგანწირული გამბედაობით იყო განპირობებული“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია.
ქაბულის აეროპორტიდან ქვეყანა აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა გეგმის შესაბამისად დატოვეს, რაც 31 აგვისტომდე პროცესის დასრულებას ითვალისწინებდა და როგორც ეს მანამდე განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ავღანეთი ჯარებით და დანარჩენი ძირითადი დიპლომატიური თანამშრომლებით დატოვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. იუწყება პენტაგონი. მსოფლიო მედია აღნიშნავს, რომ ამით ყველაზე გრძელვადიანი, 20-წლიანი ომი ავღანეთში დასრულდა.
აქვე მიუთითებენ იმაზე, რომ ეს პირველი შემთხვევაა თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს არ ჰყავთ ჯარები ადგილზე.
ამავე თემაზე:
ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა
ანტონიო გუტერეში: ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას