თამარ გაბუნია: ორჯერ ვაქცინირებულებიდან ჰოსპიტალში მოხვდა 0,9%, რეანიმაციაში მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0.3%-ს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორი დოზით ვაქცინირებულებიდან, კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ ჰოსპიტალში მოხვდა 0,9% და რეანიმაციული მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0.3%-ს. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ორჯერ ვაქცინირებულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მძიმე თანხმლები დაავადების გამო მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციაზე რაიმე მიზეზით უარი უნდა ვთქვათ.

"1-ელი მარტიდან 17 აგვისტოს ჩათვლით ინფიცირებული პირების 96% ვაქცინირებული არ ყოფილა. უდიდესი ნაწილი ინფიცირდება ის, ვინც აცრილი არ არის. არავაქცინირებული პირების 97% მოხვდა კლინიკაში.

რაც შეეხება ვაქცინირებულ პირებს, ჰოსპიტალური მკურნალობა დასჭირდა 1%-ზე ნაკლებს. ორი დოზით ვაქცინირებულთა შორის იყო ინფიცირების შემთხვევები, აქედან ჰოსპიტალში მოხვდა 0,9% და რეანიმაციული მკურნალობა დასჭირდა მხოლოდ 0,3%-ს მაშინ როდესაც რეანიმაციაში მოხვედრილი პირებიდან არავაქცინირებული იყო 98%. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ ვაქცინაცია არის ძალიან ეფექტური ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილებისთვის. გამორიცხული არაფერი არ არის, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ ექნება, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ორჯერ ვაქცინირებული პირი დაინფიცირდა.

იყო რამდენიმე გარდაცვალების შემთხვევა ორჯერ ვაქცინირებული პირების, რაც მძიმე თანხმლები დაავადების გამო მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციაზე რაიმე მიზეზით უარი უნდა ვთქვათ. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი გამოსავალი, ამიტომ ვცდილობთ მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე:

თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი პროცენტი არის 30-დან 60 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 886 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74.

საქართველოში 408 663 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია