დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ჯანდაცვის სისტემამ [NHS] საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, 7 დეკემბერს მიიღოს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Guardian ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საავადმყოფოებმა მიიღეს განკარგულება 10 დღის ვადაში მოემზადონ ვაქცინაციისთვის. მოსალოდნელია, რომ ვაქცინას უპირველესად მედიკოსები მიიღებენ.
საუბარია Pfizer/BioNTech-ის ერთობლივ ვაქცინაზე.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 100 მილიონი დოზა, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად საკმარისია. აცრა ორეტაპიანია და ვაქცინის ორი დოზაა საჭირო.
ოქსფორდისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოცდაში დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში 20 000 ადამიანი იყო ჩართული.
მთლიანობაში COVID-19 გამოუვლინდა 30 ადამიანს, რომელმაც ვაქცინის 2 დოზა მიიღო და 101 პირს, ვისაც პლაცებო ინექცია გაუკეთეს. მკვლევრების თანახმად, ვაქცინა 70%-ით იცავს ორგანიზმს ვირუსისგან.
საინტერესოა, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 90%-მდე გაიზარდა მოხალისეების იმ ჯგუფში, რომლებმაც პირველ ეტაპზე ვაქცინის ნახევარი დოზა მიიღეს, ხოლო მეორე ეტაპზე სრული დოზა. ჯერჯერობით, უცნობია, რა განაპირობებს ამ განსხვავებას.
ვაქცინის ფართო გამოყენებისთვის საჭიროა, შემოწმდეს ვაქცინის უსაფრთხოება, ეფექტიანობა და სტანდარტებთან შესაბამისობა. შემოწმების პროცესს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა უახლოეს კვირებში გაივლის.
ნოემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ Moderna-ს მიერ შემუშავებული COVID-19-ის ვაქცინა 95%-ით ეფექტიანია კორონავირუსის პრევენციისათვის. კომპანია ამჟამად ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზას ასრულებს და ემზადება, ვაქცინის წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად.
მანამდე, 9 ნოემბერს აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, Pfizer-მა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია Covid-19-ის პრევენციისათვის. მოგვიანებთ კომპანია Pfizer-მა თქვა, რომ ვაქცინა 95%-ით ეფექტიანი იყო.