ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით, ხელისუფლებამ დაასწრო ევროკავშირს და საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქეები დაზიანდნენ. ამაზე მან ფორმულას ეთერში, "პოლიტიკის ფორმულაში" ისაუბრა.
"საქართველოს ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობის ადგილობრივი არჩევნები ელოდება. არ გამოიყურება კარგად მმართველი პარტიის შანსები. ევროკავშირს რომ გამოეცხადებინა, რომ არ იქნებოდა მეორე ტრანში, რადგან მთავრობამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რადგანაც მათ სრულიად შეგნებულად არ მოახდინეს სასამართლოს რეფორმირება, მაშინ მათ რეპუტაცია დაუზინდებოდათ. შესაბამისად დაასწო მთავრობამ (ევროკავშირს) და საკმაოდ გულუხვად განაცხადა რომ არ გვჭირდება. ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. საუბარი არაა ევროკავშირზე, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
"ბოლო კვირებში და თვეებში საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. უფრო და უფრო გამოიკვეთება ეს.
საქართველოს მთავრობამ უბრალოდ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულება - ეს იყო სასამართლო რეფორმა და ეს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასახელებული არიან ყველა ხელშეკრულების დარღვევით, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ. ეს არის ის წერტილი როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან შოკირებული ვართ", - ამბობს კრამონი.
ევროპარლამენტარი სანქციების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული და შეიძლება,, გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები, რომლებმაც არამართლზომიერი გადაწყვეტილებები მიიღეს".
,,ვერაფერს გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები, რომლებმაც არამართლზომიერი გადაწყვეტილებები მიიღეს. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე რაღაც ვთქვა, დებატებში შევიდე. ბრიუსელში არის კომისია, დავსხდებით და ვისაუბრებთ", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ევროკავშირისგან დახმარების მიღებაზე და სესხის აღებაზე. ამის მიზეზად ღარიბაშვილი საგარეო ვალის შემცირებას ასახელებს.
ამავე თემაზე:
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს
იან კელი მიკროფინანსურ დახმარებაზე: საქართველო დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდება