გიორგი გახარია: კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვის მოვიდაო, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი

"კალაძეს უთქვამს, "ვერ გავიგე რა უნდოდაო, რისთვის მოვიდაო", სამწუხაროდ, ეს ნათქვამი მაძლევს მე იმის თქმის შესაძლებლობას, რომ, ალბათ, მართლა შევცდი და ტყუილად მივედი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, კალაძესთან შეხვედრით მას უნდოდა პატივი ეცა იმ წლებისთვის, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ და ეს მისთვის "ღირებულებების და ფასეულობების თემაა".

"მე დღისით, მზისით, დაახლოებით 11 საათზე მივედი ღიად, მერიაში, 21-ე სართულზე კალაძესთან მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, გამეფრთხილებინა, რომ დღეს მე გავხდებოდი მისი კონკურენტი და დავაყენებდი ჩემს კანდიდატურას მერობისთვის. ეს იყო და ეს, ამის იქით საერთოდ არაფერი არ ყოფილა...ჩემთვის ეს იყო უბრალოდ პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა. ეს ჩემი პრინციპია, ეს ჩემი ფასეულობები იყო და მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი" ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვას, ჩააყენა თუ არა საქმის კურსში კახა კალაძე მაშინ, როდესაც პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა, გახარიამ უპასუხა: "პრემიერობიდან რომ წავედი, კალაძე საქმის კურსში არ ჩამიყენებია და არც უნდა ჩამეყენებინა, თუმცა პრემიერობიდან რომ წავედი, სწორედ იგივე პრინციპით, იგივე ფასეულობით გავაკეთე ის ზარი, რომელიც გავაკეთე ბიძინა ივანიშვილთან. სწორედ იმიტომ, რომ არ მინდოდა მასაც ტელევიზორიდან გაეგო ჩემი გადადგომის შესახებ".

"ეს მხოლოდ ფასეულობების თემაა. ზოგიერთს ეს არ ესმის. მე არ მინახავს, უბრალოდ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ძაან გული დამწყდა, თუ ეს სიმართლეა, თურმე კალაძეს უთქვამს, ვერ გავიგე რისთვსი მოვიდა, რა უნდოდაო. ეს ნათქვამი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ალბათ მართლა შევცდი და ტყუილად მივედი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე:

კახა კალაძე: შევხვდი გახარიას, მან მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატობას, ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო

კახაბერ ქემოკლიძე თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრაზე: კარგია, რომ ეს სტანდარტი დაწესდა