არა ფობიას - გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის შობის აღსანიშნავად, დისკრიმინაციულია

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას", რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი შემთხვევები თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით დააწესოს და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი.

ამ განცხადებით პლატფორმა ეხმაურება ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ე.წ კომენდანტის საათი არ იმოქმედებს 6-7 იანვრის ღამეს, რათა მართლმადიდებელმა მრევლმა შობის დღესასწაულის აღნიშვნა შეძლოს. თუმცა, მთავრობა გამონაკლისს არ უშვებს 24-25 დეკემბრის ღამეზე, როდესაც არაერთი ეკლესია, მათ შორის მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი აღნიშნავს შობას.

პლატფორმა "არა ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად.

"ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას), ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს. ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას". – წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს აკეთებენ.

"გაზაფხულზე პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რითაც ხაზი გაუსვა ერთი აღმსარებლობის უპირატესობას და უგულებელყო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი.

ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნეგატიური როლი. სააგენტოს მანდატი პრემიერისა და მთავრობისთვის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კონსულტაციას გულისხმობს, თუმცა ამ უწყებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგიიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც". – წერია განცხადებაში.

სამოქალაქო პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე;

გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან.განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); თანასწორობის მოძრაობა; ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD); თბილისი პრაიდი; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საფარი; უფლებები საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).

საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები – კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი, 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.

ქვეყანაში 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კომენდანტის საათი საღამოს 10 საათის ნაცვლად საღამოს 9 საათიდან დაიწყება. თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს (31 დეკემბრის ღამე) და ასევე შობას (6 იანვრის ღამე) კომენდანტის საათი მოიხსნება, მაგრამ არა იმ თარიღებში, როცა ქრისტესშობას სხვა კონფესიის წარმომადგენლები აღნიშნავენ.

28 ნოემბრიდან, საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე პირების გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, იკრძალება.