ნიკოლ ფაშინიანი: სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ

"სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში უამრავი კონფლიქტი და საშიშროებაა. ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ" , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, იმ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია, რომ ორი ქვეყნისა და მთავრობის ურთიერთობები უფრო შედეგიანი იყოს.

"უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგახსენოთ თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს ერთმანეთთან საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მე ხაზი უნდა გავუსვა, უნდა გავაგრძელო ბატონ ღარიბაშვილის გამოთქმული აზრი. დღევანდელი ჩვენი განხილვების, ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი განვითარების, ერის გახსნის დღის წესრიგს. რის შესახებაც მე და ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩვენ ხალხს ვესაუბრეთ ბოლო პერიოდში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას.

ბატონ ღარიბაშვილს ერთხელ კიდევ მადლობას მოვახსენებ ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ხუმრობით ვამბობს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მე უფრო საქართველოს პრემიერთან მქონდა კონტაქტი, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს ამომრჩეველთან. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პირადი ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბება და იმ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია, რომ ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობის ურთიერთობები უფრო შედეგიანი იყოს.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში სომხეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ისევ გავააქტიურებთ მთავრობათაშორისი კომისიის სამუშაოს. ადრეც და ახლაც ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ურთიერთობების მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა თავისი აზრი და თავდადებულობა გამოხატონ დემოკრატიული ღირებულებებისადმი.

მე ბატონ ღარიბაშვილს წარვუდგინე ჩვენი მთავრობის პროგრამაში გაჩენილი რეგიონული თემებისა და გადაწყვეტების შესახებ წინადადებები და ის წარმოდგენები, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ განვაცხადეთ. აქ ახალი შესაძლებლობებია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენ განვიხილავთ, რა შეგვიძლია, რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი უფრო გავზარდოთ, საუბარია ტრანზიტულ გზებზე, პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით", - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა კოვიდ-პანდემიის პერიოდში ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და ამ კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

"კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ჩვენი სპეციალისტები თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ, აქაც მზაობა გამოვთქვით, ამ ბოროტების წინააღმდეგ ერთობლივად ვიბრძოლოთ და გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები.

ჩვენი ურთიერთობებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორის არსებობა და ვფიქრობთ, საქართველოს სომხები, როგორც საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები, გააგრძელებენ მხარდაჭერას და საქართველოს ერთიანობის, განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი აქტორები იქნებიან.

მადლობას მოვახსენებ საქართველოს მთავრობას იმ შესაძლებლობებისთვის, რაც შექმნილია საქართველოს სომხების თვითმყოფადობის განვითარების შენარჩუნების საქმეში. ეს თემა ჩვენ გვაერთიანებს და ჩვენს ურთიერთობებს უფრო შედეგიანს და სტრატეგიულს ხდის. ჩვენ უამრავი საკითხი განვიხილეთ. ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგი ძალზე ფართოა. მნიშვნელოვანია, რომ დავაფიქსირეთ, რომ ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმაზე, რომ ჩვენი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროშიც აისახოს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამავე თემაზე:

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია