ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, აშრაფ ღანი, რომელიც ავღანეთში "თალიბანის" შესვლის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა, Twitter-ზე განცხადებას ავრცლებს და ავღანელ ხალხს ბოდიშს უხდის.
მისი თქმით, ქვეყნიდან წასვლა იყო ერთადერთი გზა მოქალაქეების გადასარჩენად. ღანის თქმით, მისი განზრახვა ხალხის მიტოვება არ ყოფილა.
"ქაბულის დატოვება ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მჯეროდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა იარაღის გაჩუმებისა და ქაბულის 6 მილიონი მაცხოვრებლის გადასარჩენად. ჩემი ცხოვრების 20 წელი მივუძღვენი იმას, რომ დავხმარებოდი ავღანელ ხალხს, აეშენებინათ დემოკრატიული, წარმატებული, სუვერენული სახელმწიფო - ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა, რომ მიმეტოვებინა ხალხი ან ეს ხედვა", - აცხადებს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი.
აშრაფ ღანი უარყოფს, რომ მან ქაბული დიდი ქონებით დატოვა, რომელიც ბიუჯეტიდან იყო აღებული. ის კორუფციის საკითხსაც შეეხო.
"კორუფცია არის ჭირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში ასუსტებდა. კორუფციასთან ბრძოლის მცდელობები ჩემი პრეზიდენტობის დროს ფოკუსის ცენტრში იყო. მე მემკვიდრეობით მერგო მონსტრი, რომელიც მარტივად და მალე ვერ დამარცხდებოდა", - აცხადებს ღანი.
მან მწუხარება გამოთქვა, რომ ავღანეთში მისი ისტორიაც წინამორბედების მსგავსად, სტაბილურობის უზრუნველყოფის გარეშე დასრულდა.
"სამწუხაროა, რომ ჩემი ტომი, ჩემი წინამორბედების მსგავსი ტრაგედიით დასრულდა - სტაბილურობისა და აღორძინების გარანტიის გარეშე. ბოდიშს ვუხდი ავღანელ ხალხს, რომ სხვანაირად ვერ დავასრულე. ჩემი თავდადება ავღანელი ხალხის მიმართ არასდროს დაკნინებულა და სიცოცხლის ბოლომდე გამიძღვება". - აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.
ამავე თემაზე:
აშრაფ ღანი: პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ დავრჩენილიყავი, ავღანეთის ხალხის თვალწინ ჩამომახრჩობდნენ
ავღანეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაირკვა