თამარ გაბუნია ვაქცინაციის პროცესის გაუმჯობესებისთვის ბიზნესს დასაქმებულების წახალისებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესში პირველ დოზებზე რეგისტრირების მაჩვენებელი შემცირებულია, რაც მისი შეფასებით, დაუშვებელია.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდეს, გაბუნია აცხადებს, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგა.

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ბიზნეს სექტორიდანაც რაიმე წამახალისებელი სტიმულები წამოვა.

"პირველ რიგში, ისევ და ისევ საპრომოციო და საგანმანათლებლო კამპანიაა საჭირო, რომ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ყველამ ბევრი ვისაუბროთ. მეორე - დამატებითი სტიმულები მნიშნელოვანია და როგორც იცით, მომდევნო კვირიდან აცრილი პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება. ვფიქრობ, გარკვეული სტიმული მოსახლეობისთვის ესეც იქნება. მაგალითისთვის, გუშინ ჩატარდა 27 000 აცრა, დღეს - 24 000-ია. ვაქცინაციის რაოდენობა არც ერთ შემთხვევაში კლებადი არ უნდა იყოს. იმისთვის რომ დღიურად 35-40 ათას აცრამდე მივიდეთ, მხოლოდ მატების ტენდენცია გვჭირდება. ვნახოთ, დამატებითი სტიმულები და ქცევის წამახალისებელი ღონისძიებები რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება.

თუ კიდევ დამატებით დაგვჭირდება მობილიზება, დამატებით უნდა ჩავერთოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზება და სამოქალაქო საზოგადოების თანაბარი ჩართულობა... კარგი იქნება ბიზნეს სექტორიდანაც თუ რაიმე წამახალისებელი სტიმულები წამოვა, რაც ვფიქრობ, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების მოზიდვის მაჩვენებელს გააქტიურებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამავე თემაზე:

საქართველოში კორონავირუსი 2 455 ადამიანს დაუდასტურდა, 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება

როგორ უნდა ჩაერთონ ვაქცინირებულები ლატარიის გათამაშემაში