შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.

რაფაელ მურსაკულოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ახლა აღარაფერს საქმიანობს, მანამდე კი „ქართულ ოცნებაში“ უბნის უფროსი იყო. ბრალდებულმა მოსამართლის კითხვას უპასუხა, თუ რას საქმიანობდა ის.

ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ მურსაკულოვს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, შანაი ბრუკი 30 ივლისს დაიკარგა. მეგობრების მონაყოლზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები, რომ შანაე ბრუკმა დაურეკა ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ მეგობარს, რომელმაც გაიგო, როგორ ეუბნებოდა ის ვიღაცას, რომ ხელი გაეშვა. მეგობრები ვარაუდობენ, რომ უცხოელს თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სატელეფონო საუბარი გაითიშა. თბილისში გაუჩინარებული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი 31 ივლისს იპოვეს.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულთან ადვოკატი შევიდა