ოჯახი, ახლობლები და კინოს ვარსკვლავები ფრანგ მსახიობს ჟან-პოლ ბელმონდოს დაემშვიდობნენ.
Reuters-ის ცნობით, დაკრძალვის ცერემონია სენ-ჟერმენ-დე პრეს ეკლესიაში გაიმართა.
ვეტერანი ფრანგი კინომსახიობი 85 წლის ალენ დელონი, რომელიც ყავარჯენით გადაადგილდება, საჯაროდ იშვიათ ჩნდება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დღეს დაფიქსირდა, როდესაც ფრანგული კინოს გიგანტის, მისი მეგობრის ჟან-პოლ ბელმონდოს დაკრძალვაზე მივიდა.
„ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს გზა 60 წლის წინ. განადგურებული ვარ, მეგობარი დავკარგე. ერთმანეთს 60 წლის განმავლობაში ვიცნობდით და ერთად ვმუშაობდით. ცუდი არ იქნებოდა, ორივე ერთად წავსულიყავით“, - ეს ალენ დელონის სიტყვებია ჟან-პოლ ბელმონდოზე.
9 სექტემბერს, ფრანგმა ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში გაიხსენა ფრანგი ვარსკვლავის სიტყვები: „ბელმონდო ამბობდა, ცხოვრება ასეთია, ერთ დღეს ვტირით, მეორე დღეს ვიცინით, და... პირიქით.. „დღეს ჩვენ ყველანი ვტირით", - თქვა ჟურნალისტმა.
პარალელურად კი ეკრანზე გადიოდა იშვიათი კადრები „ინვალიდების სახლის“ სამხედრო მუზეუმის ეზოში მიმდინარე ცერემონიიდან, რომლის მონაწილეებმაც ფრანგ მსახიობს პატივი მიაგეს, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები და სპორტის ვარსკვლავები. ჟან-პოლ ბელმონდო უკანასკნელ გზაზე ენიო მორიკონეს კომპოზიციის, „Chi Mai“-ს ფონზე გააცილეს. ეს კომპოზიციაა გამოყენებული ფილმში „პროფესიონალი“, რომელშიც შესრულებულმა როლმა მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა
ფრანგული კინემატოგრაფიის ლეგენდა, ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ჟან-პოლ ბელმონდომ პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს - სეზარის გამარჯვებული, კაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“. 2011 წელს, კანის კინოფესტივალზე, კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟან-პოლ ბელმონდო ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.
ამავე თემაზე: