„ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ, ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ისაუბრა.
„მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოში, რომლის მოგვარებაც ძალიან რთული იყო ევროკავშირის ლიდერების ჩართულობითაც კი.
19 აპრილის დოკუმენტი იყო კარგი შეთანხმება კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ამ შეთანხმების განხორციელებას ყველაზე დიდი ზიანი მმართველმა პარტიამ მიაყენა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებენ ამ შეთანხმების განხორციელებას. რასაკვირველია, ალბათ უდიდესი ოპოზიციური პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) შეცდომაც იყო, რომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა, არ არსებობს მკაფიო გზა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ შეასრულოს დადებული პირობა“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს.
ამავე თემაზე:
ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო