კერსტი კალიულაიდი: უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის წლები“ აშორებს

უკრაინას ევროკავშირის წევრობამდე „სინათლის წლები“ აშორებს. განაცხადა კიევში გამართულ ფორუმზე YES-Brainstorming-ზე სიტყვით გამოსვლისას ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ, რითაც თავისივე განცხადება განმარტა, რომელიც „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობისთვის უკრაინამ ჯერ უნდა შეასრულოს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რისგანაც კიევს ჯერ რამდენიმე სინათლის წელიწადი აშორებს: „ყველა პროგნოზი ემყარება წინა გამოცდილებას“, - დაამატა ესტონეთის პრეზიდენტმა.

„ცოტა ხნის წინ შევიტყვე კომპანიის შესახებ, რომელიც უკრაინაში ძალიან სერიოზული შეთანხმების გაფორმებასთან იყო ახლოს, თუმცა მათთან მივიდა ადვოკატი - არ ვიტყვი, ვისი წარმომადგენელი იყო ის, და განაცხადა, რომ შეთანხმების დასაჩქარებლად, მათ უნდა გაუყონ აქციების ნაწილი. ამიტომ, როდესაც სვამენ კითხვას, თუ რატომ არ არის უკრაინა ევროკავშირში ამ დრომდე, ჩემი აზრით, პასუხი თვალსაჩინოა“, - აღნიშნა ესტონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა.

ამასთან, კერსტი კალიულაიდის თქმით, ის ყოველთვის იყო ევროკავშირში ისეთი ქვეყნების გაწევრიანების მომხრე, როგორებიც არიან უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

ამავე თემაზე:

დმიტრო კულება: უკრაინა კი არ არის მოუმზადებელი ევროინტეგრაციისთვის, ევროკავშირი არაა მზად უკრაინის მისაღებად

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის გარეშე NATO ბევრს დაკარგავს, უკრაინის გარეშე ევროკავშირი მნიშვნელოვნად დასუსტდება