ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არიან, ამიტომ ურთიერთობის ახალი ფორმატი უნდა მოიძებნოს

ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე საუბრისას, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი აცხადებს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი, შუალედური ფორმატის მომხრეა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნები ამისთვის მზად არ არიან, მზადყოფნას კი 20-წლიანი მუშაობა დასჭირდება. „ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უამრავი პირობაა შესასრულებელი“, აღნიშნავს ესტონეთის პრეზიდენტი.

კალიულაიდის აზრით, უნდა მოიძებნოს შუალედური ფორმატი სამივე ქვეყანასთან ურთიერთობისთვის. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ეკონომიკა უკვე ინტეგრირებულია ევროკავშირის ეკონომიკებთან.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გაფართოების მიმართულებით უფრო თამამი უნდა იყოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული - იქნება ეს წევრობა თუ თანამშრომლობის ახალი ფორმატი, ორივე შესაძლებელია, თუმცა პირადად მე, პირველი ვარიანტის - გაფართოების მომხრე ვარ, მაგრამ ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს იქედან გამომდინარე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უამრავი პირობაა შესასრულებელი.

გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სამი ქვეყნიდან არც ერთი სახელმწიფო არ არის მზად, დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები. ალბათ, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდება ამისთვის მზადყოფნას. სამივე ქვეყანას აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ არის შესაძლებლლობა, „საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას უფრო პრაქტიკული ინტეგრაციის გზა შევთავაზოთ“.

„საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის ნამდვილად ლიდერებს შორისაა, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ ევროპარლამენტში, ევროპულ ინსტიტუტებში განვიხილოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის რეფორმის საკითხი, რომ ევროკავშირს ისეთივე პოლიტიკა ჰქონდეს, როგორიც აქვს მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისადმი და შესაძლებელია, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უფრო პრაქტიკული ინტეგრაციის გზა შევთავაზოთ.

შესაძლებელია, ეს არის დასაწყისი იმის, რომ გარკვეულწილად წარმოვადგინოთ წინადადება შუალედური სტატუსის შესახებ, რომელიც პირველად გაჟღერდა (sharing everything with the Union but institutions) რომანო პროდის მიერ 2003 წელს. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას. ასე რომ, ვთვლით, ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ მომავალში გადაიდგას“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, NDI-ის ბოლო კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 76%, NATO-ში გაწევრიანებას კი 74% უჭერს მხარს.