ვისთვის არის კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეში საშუალოდ 38-40 ათასი ტესტი კეთდება და აქედან ფასიანი მხოლოდ 3-5%-ია. მისი თქმით, ვისთვისაც ტესტირება უფასო იყო, კვლავ ასე რჩება და ამის შესახებ დადგენილების შეცვლა ჯერჯერობით არავის მოუნდომებია.
შეკითხვას იმის შესახებ, რომ სექტემბრიდან იგეგმებოდა ფასიანი გამხდარიყო ტესტირება იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ იტესტებიან და არ აიცრებიან, ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ამ ვადამ ერთი თვით გადაიწია, რადგან ეპიდვითარება ჯერ ამის საშუალებას არ იძლევა.
რა ახალი გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
„არაფერი შეცვლილა. მთავრობის 975-ე განკარგულებაა, რომელიც განსაზღვრავს, ვისთვისაა ტესტირება უფასო და ვისთვის - ფასიანი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასიდან 40 ათასამდე, აქედან ფასიანი არის 3-5%.
დანარჩენი არის სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ, ექიმებს ეკუთვნის ორ კვირაში ერთხელ, ზოგიერთი პროფილის ექიმს კვირაში ერთხელ, პოლიციის, საბაჟოს თანამშრომლებს - ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხარჯზეა, ეს ყველაფრი არ შეცვლილა და ტესტების მარაგიც ქვეყანაში საკმარისია.
თუ ვინმეს უნდა ყოველ დღე გაიტესტოს, ისინი მიდიან და თავის ხარჯით იტესტებიან, მაგრამ რაც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ანუ ვისთვისაც უნდა იყოს ტესტირება უფასო ისევ უფასოა. არაფერი შეცვლილა და არც არავის მოუნდომებია ჯერჯერობით, რომ რამე შეეცვალა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ამ თემაზე ამირან გამყრელიძემ დაახლოებით ერთი თვის წინ ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, ტესტირება პანდემიის მართვის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია და მასში სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ტესტის დღიური საშუალო მაჩვენებელი 38 ათასი გვაქვს. 15 სექტემბრიდან ვფიქრობთ, რომ ის ესენციური ჯგუფები, რომლებიც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, იმ შემთხვევაში თუ არ იქნებიან ორჯერ ვაქცინირებულები, სახელმწიფოს დაფინანსებით აღარ გაიტესტებიან.
ისინი კვლავ ვალდებულები იქნებიან ტესტი ჩაიტარონ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ორჯერ იქნებიან ვაქცინირებულები, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ თუ არ იქნებიან ვაქცინირებულები ორჯერ, მაშინ ან დამსაქმებელმა ან თავად უნდა გადაიხადონ ტესტის საფასური. სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მათ უფასოდ მიაწოდონ ვაქცინა. კეთილი ინებონ და აიცრან!
დადგება საკითხი, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს ან დამსაქმებლის ან თავად ამ პიროვნების პირადი ხარჯით. ეს წინადადებაც დაყენებულია. ეს ჯგუფებია: ექიმები, თუმცა, რადგან წინა ხაზია, მათთვის ალბათ გამონაკლისიც იქნება. ასევე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებულები, პედაგოგები, პოლიციელები და ა.შ.“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რა წესი იმოქმედებს აუცრელთა გარკვეული ჯგუფისთვის სექტემბრიდან