იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ვაქცინაციის მაღალი ტემპის შედეგი ოქტომბრიდან ექნება, რასაც დაემატება სექტემერში ჩატარებული აცრებიც, შესაბამისად, ოქტომბერი საქართველოსთვის უნდა იყოს მეოთხე ტალღის დასრულების პერიოდი, ნაკლები ინფიცირების და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებლით.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა ვაქცინაციის 80%-იან ზღვარს და იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, საქართველოშიც უმჯობესია მოსახლეობის 80%-ის მოცვა.
მისივე თქმით, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს, თუმცა არა ახალი მუტაციის, არამედ ზამთრის სეზონის და დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრის გამო, რაც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას განაპირობებს, თუმცა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი არ ფიქრობს, რომ ეს ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორც მესამე ან მეოთხე ტალღა იყო. ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მიუ“ შტამი, ინტერესის ვარიანტს მიეკუთვნება, ვინაიდან მას არ აქვს სწრაფი გავრცელების და ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, როგორც „დელტას“.
შესაბამისად, ის ვერ გახდება ინფექციის აფეთქების და ახალი ტალღის წყარო: „ჯერჯერობით, მსოფლიო ახალი მუტაციის რისკის ქვეშ არ არის“, - მიიჩნევს ივანე ჩხაიძე.
„თუ ვაქცინაციის ეს ციფრები შენარჩუნდა, რომელიც ამ კვირაში გვაქვს, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დეკემბრისთვის მივაღწევთ მოზრდილი მოსახლეოობის 60%-ის ვაქცინაციას. თუმცა არის გარკვეული რისკები და აუცილებელია, მომდევნო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს რეგიონებზე, რადგან დისპროპორცია თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და სხვა რეგიონებს შორის მართლაც შესამჩნევია, რეგიონებში აქტივობა ნაკლებია.
ამიტომ არის აუცილებელი აქცენტის გაკეთება რეგიონის მოსახლეობაზე, მათ შორის ვსაუბრობ პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის აქტიურ ჩართვაზე. ქვეყანას შეუძლია, მარტივად მიაღწიოს მიზანს, სამუშაო ბევრია, ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვაქცინაცია.
თავიდან, კორონავირუსის ჩინური ვარიანტის დროს საჭირო იყო მოსახლოების 60%-ის მოცვა, რა თქმა უნდა, რაც უფრო აგრესიულია მუტაცია და გადამდებია ვარიანტი, მით უფრო მეტი აცრაა საჭირო, ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოსთვის მინიმალური მიზანი არის 60%, მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გათვალისწინებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა 80%-იან ზღვარს. იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, უმჯობესია, 80%-იანი მოცვა მოსახლეობის.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე, მას 3-4 კვირის შემდეგ მოჰყვება გარდაცვალების პიკი, ჩვენ, ინფიცირების პიკი გვქონდა 17 აგვისტოდან 24 აგვისტომდე, შესაბამისად, გარდაცვალების პიკს ველოდებით 17 სექტემბრიდან თვის ბოლომდე.
ამიტომ, ეს კვირა ამ მხრივ, სამწუხაროდ, მძიმე იქნება და უკვე ოქტომბრიდან ვაქცინაციის მაღალი ტემპის შედეგებს დავინახავთ. ამ მაჩვენებელს დაემატება სექტემბრის ვაქცინაცია, ასე რომ, ოქტომბერი საქართველოსთვის უნდა იყოს მეოთხე ტალღის დასრულების პერიოდი, ნაკლები ინფიცირების და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებლით.
მეხუთე ტალღის გამოწვევა ორი მექანიზმით აიხსნება, ეს არის ახალი მუტაცია. საქართველოში მესამე და მეოთხე ტალღა სხვადასხვა მუტაციით იყო განპირობებული, ერთის უკან იდგა ბრიტანული, მეორეს უკან - ინდური. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ განიხილავს ახალ მუტაციას, რომელიც შეიძლება, ისეთივე სახიფათო იყოს, როგორიც „დელტა“, ის მუტაცია, რომელიც ახლა აქტიურად განიხილება, ვგულისხმობ, „მიუ“ შტამს, ინტერესის ვარიანტს მიეკუთვნება, ვინაიდან მას არ აქვს სწრაფი გავრცელების და ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, როგორც „დელტას“.
შესაბამისად, ის ვერ გახდება ინფექციის აფეთქების და ახალი ტალღის წყარო. ჯერჯერობით, მსოფლიო ახალი მუტაციის რისკის ქვეშ არ არის, დღევანდელი მონაცემებით ასეა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გამოჩნდეს, ახალი მუტაცია, მაგრამ დღეს არიან „ალფა“, „დელტა“ და სხვა მუტაციები, რომლებსაც ჯანმო აფასებს როგორც გაცილებით უფრო აგრესიულს და სახიფათოს.
შესაძლოა, წლის ბოლოსთვის იყოს შემთხვევების მატება, თუმცა არა ახალი მუტაციის, არამედ ზამთრის სეზონის და დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრის გამო, რაც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას განაპირობებს.
მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორც მესამე ან მეოთხე ტალღა. გასათვალისწინებელია გრიპის სეზონიც, თუ ჩვენ ამ სეზონს შევხვდებით 60%-ის ვაქცინირებით და გრიპის ვაქცინაციასაც დავიწყებთ, გაცილებით უსაფრთხო შემოდგომა-ზამთარი გველის, როგორიც გვქონდა 2020 წლის ბოლოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან.