„საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, NATO-ს ღირებული პარტნიორის, საქართველოს მხარდაჭერის საკითხს განვიხილავთ“, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე გავრცელდა.
როგორც ცნობილია, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადი საკითხების განსახილველად ორი დღის განმავლობაში შეიკრიბებიან.
„ასევე შემოგვიერთდებიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე სესიის ფარგლებში, რომლის დროსაც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხს განვიხილავთ. განსახილველ საკითხთა შორისაა ამ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორის მხარდაჭერა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
უკრაინულმა მედიამ დღეს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატო საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, არ მიიღებენ, რადგან ალიანსში სურთ, ამ საკითხზე ჯო ბაიდენის მოსაზრება მოისმინონ.