სტრასბურგი საქართველოს ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაკისრებულ ვალდებულებებს შეახსენებს

14-16 სექტემბერს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის განსახილველად, სტრასბურგში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებული ორი საქმე განიხილა - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" და „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.

მერაბიშვილის საქმეზე 2016 წლის 14 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ, ასევე, გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

"მინისტრებმა კვლავ სერიოზულ შეშფოთება გამოხატეს ამ დარღვევების გამოძიების არასაკმარისი სისწრაფის და სიზუსტის გამო; აღნიშნეს, რომ გამოძიება უკვე სამი წელია ჭიანურდება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს საქმე პრიორიტეტული გახადოს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს გამოძიების დამოუკიდებლობა. ამასთან, ამ საქმეში დადგენილი დარღვევების ზოგად მიზეზებთან მიმართებით, მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გააღრმაოს 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებული ნაბიჯები და გააგრძელოს საკანონმდებლო რეფორმები, უწინარესად პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერების კუთხით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევრო საბჭოს მინისტრები ამ საკითხზე შემდეგ შეხვედრას 2022 წლის მარტში გამართავენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ იმ დროისთვის წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები, ნაბიჯები და მათი აღსრულების დროში გაწერილი გეგმა.

„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმე ეხებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი დაკავების პერიოდში, 2012 წლის დეკემბერში და 2013 წლის იანვარში, განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებისას ჩადენილ დარღვევებს.

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. ის ხუთ საქმეზე იყო მსჯავრდებული, მათ შორის, ყველაზე მაღალი სასჯელი პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ჰქონდა მისჯილი. ყოფილ პრემიერს წარდგენილი ჰქონდა შემდეგი ბრალდებები: მითვისება-გაფლანგვა/ამომრჩევლის მოსყიდვა; 26 მაისის მიტინგის დარბევის საქმე; სანდრო გირგვლიანის საქმე; ვალერი გელაშვილის საქმე; “აკურას” ღვინის ქარხნის საქმე; 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან.

ამასთან, სტრასბურგმა მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”. ამ მუხლთან დაკავშირებით მერაბიშვილი მიუთითებდა, რომ მისი დაპატიმრება და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ჩამოეცილებინათ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რათა დაესუსტებინათ მისი პარტია და ხელი შეეშალათ მისი მიზნისთვის, რომ ყოფილიყო საპრეზიდენტო კანდიდატი 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს. სასამართლოს პალატამ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რაშიც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს.

ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება, 2020 წლის თებერვალში 6 წლისა და 9-თვის შემდეგ დატოვა.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს 1500 მოქალაქეს, კომპენსაცია დროულად გადაუხადოს