ევროკავშირი რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირი რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი და სანდო წყაროების თანახმად, არჩევნები სერიოზული დარვევებით ჩატარდა.

"ევროკავშირი წუხს, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მკაცრად შეზღუდა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მასშტაბი და ფორმატი, რამაც მისიის ადგილზე განთავსებას ხელი შეუშლა.

წინასაარჩევნოდ, რუსეთში გაიზარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ზეწოლა და მათი დარბევა. ამან გამოიწვია რუსი ამომრჩევლებისთვის არჩევანის შეზღუდვა და კანდიდატების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთში ოპოზიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის სივრცე სულ უფრო იზღუდება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ნეგატიური მოვლენები.

"რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც მას ეკისრება გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და შესაბამისად, არ აღიარებს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს.

"რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის სახელმწიფო დუმის, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებასა და მიზნებს. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

თურქეთი ყირიმში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს