"ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ "დღის კურიერში" განაცხადა.
როგორც ჩხაიძემ განმარტა, ვაქცინაციის ტემპის შემციების მთავარი მიზეზი პანდემიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა.
"ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია.
ვაქცინაციის შემცირებული ტემპის უკან არც ვაქცინების დეფიციტი და არც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგას. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად, კორონავირუსის პანდემიის მიმართ.
ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. საბედნიეროდ, არსებობს პრობლემის გადაწყვეტის გზა და ეს არის ვაქცინაცია", - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძის თქმით, თუ მოსახლეობის 60% არ აიცრება პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდება საქართველოში.
"ბოლო ხუთი დღის სტატისტიკა არის ზღვარზე, ან მივაღწევთ 60%-იან ზღურბლს და მოვახერხებთ პანდემიის კონტროლს ან უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთი წელი გაგრძელდება,"- აცხადებს ჩხაიძე.
ამავე თემაზე:
ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა ისევ დაბალია
ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს