Johnson&Johnson-ის ვაქცინის ორი დოზა COVID19-ის მძიმე განვითარებისგან 94%-ით იცავს

Johnson&Johnson-ის განცხადებით, გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის მეორე დოზამ ეფექტიანობა გაზარდა. კომპანიის განმარტებით, აშშ-ში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ Johnson&Johnson-ის ვაქცინა COVID19-ის მძიმე განვითარებისგან 94%-ით იცავს. ციფრები ემყარება 30 000 პაციენტზე ჩატარებულ კვლევას. მოხალისეებს მეორე დოზა 56 დღის ინტერვალით გაუკეთეს.

ამერიკის შეერთებული შტატების 21 საავადმყოფოში, დაავადებების მქონე პაციენტებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ J&J-ის ვაქცინის ერთმა დოზამ 71%–ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებითვე, Moderna- ს და Pfizer-BioNTech- ის ორმა დოზამ ეს რისკი 93% და 88% -ით შეამცირა.

ამჟამად, შეერთებულ შტატებში, Johnson&Johnson-ის ვაქცინა ყველაზე იშვიათად გამოიყენება იმ ვაქცინებს შორის, რომლებიც ნებადართულია ან დამტკიცებულია სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, 14,6 მილიონი ამერიკელი იყო ვაქცინირებული ამ ვაქცინით, 67,7 მილიონი Moderna-ს ვაქცინით და 99,3 მლნ - Pfizer-BioNTech ვაქცინით.

ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, Jonson & Jonson-ის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს შემოვა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ამ ვაქცინას საქართველო სექტემბერში მიიღებდა.