უკრაინაში NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო სწავლებების პარალელურად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ჩეჩნეთში, ყირიმსა და როსტოვის მხარეში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
რუსული მედიის ცნობით, წვრთნებში დაახლოებით 10 ათასი რუსეთის სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
„სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს წვრთნებში, დაახლოებით 800 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. თვითმფრინავები და შვეულმფრენები. ჯარი და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაცია", - ნათქვამია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 სექტემბერს, უკრაინაში, ლვოვის ოლქში უკრაინულ-ამერიკული სწავლებები Rapid Trident-2021 დაიწყო, რომელიც 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 6 ათასი სამხედრო მოსამსახურე.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. უკრაინულ-ამერიკულ წვრთნებში მონაწილეობენ 13 ქვეყნის სამხედროები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, თურქეთის და პოლონეთის. გარდა ამისა, მანევრებში ჩაერთო ლიტვურ-პოლონურ-უკრაინული ბრიგადის პერსონალიც.