„შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს: ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ თუ არა?! - ამ შეკითხვით მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს საქართველოს პირველი არხის ეთერში მიმდინარე დებატებზე.
კახა კალაძის განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გახარია ნარკომანია.
„ნარკომანობასთან დაკავშირებით მე მგონი, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება გიორგი, შენს საქციელს, პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, მე არ მომეწონა შენი ის გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. ახლა, არ შევალ ამ შინაარსში და არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი. შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ. ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ
მანამდე კი, გიორგი გახარიამ კლახა კალაძეს ჰკითა, დაჯდება თუ არა მასთან დებატებში.
„არ ვაპირებდი კითხვის დასმას, სხვანაირად იმნდოდა ეს გამომეყენებინა, მაგრამ კახასთან მაქვს ერთი კითხვა, მე თუ დამიჯდება დებატებში პირისპირ, თუ მეც უნდა გავიზარდო პოლიტიკურად?!“, - მიმართა ყოფილმა პრემიერმა მოქმედ მერს.
„პოლიტიკურად, რა თქმა უნდა. კვალიფიციური პოლიტიკური პარტია უნდა გახდეთ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გექნებათ შესაძლებლობა. ამ არჩევნებში გექნებათ იმის საშუალება, ნახოთ, თუ რამხელა მხარდაჭერა გაქვთ საზოგადოების მხრიდან, რამხელა მხარდაჭერა გაქვთ პირადად თბილისელების მხრიდან. რა თქმა უნდა, ერთი დღით ხომ არ ვართ პოლიტიკაში, ხვალ, ზეგ გვექნება იმის შესაძლებლობა“, - უპასუხა კახა კალაძემ.
ამავე თემაზე:
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებთან დებატები დატოვა
გიორგი გახარიამ ნარკოტესტის პასუხი გამოაქვეყნა