"Enka Renewables-ის მხრიდან ხელშეკრულების გაუქმება, სამომავლო ინვესტიციებზე ცუდად აისახება, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ენერგეტიკის სფეროს ინვესტირების გასაგრძელებლად", - ასე შეაფასა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის შეჩერება.
მისი თქმით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
"ეს ყველა შემთხვევაში იყო, რა თქმა უნდა, კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი. აქედან გამომდინარე, ეს არის ცუდი სიგნალი რა თქმა უნდა შემდგომი ინვესტიციებისთვის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კონკრეტულად ენერგეტიკის მიმართულებით დიდი ინვესტიციები მოიზიდოს. გვაქვს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა, მათ შორის ენერგეტიკის კუთხით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.
"რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი კმაყოფილია კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც "ნამახვანჰესის" მშენებლობა წყდება და ქვეყანასთან ხელშეკრულება უქმდება.
"ხელშეკრულების შეწყვეტა არ აწყობს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ პროექტით პირადი სარგებლის მიღებაზე ფიქრობდნენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველების ნაწილი ეწინააღდეგებოდა. ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის დიალოგი კი უშედეგოდ დასრულდა.
ამავე თემაზე:
ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს