ვარლამ გოლეთიანი "ენკას" გადაწყვეტილებაზე: რიონის ხეობაში ვრჩებით იქამდე, ვიდრე ტექნიკის გაყვანის პროცესი არ დაიწყება

"ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით რიონის ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით", - აღნიშნული განცხადებით "რიონის ხეობის მცველების" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი, კომპანია "ენკას" მიერ ნამახვანჰესის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გოლეთიანი აცხადებს, რომ ის მაყოფილია კომპანია "ენკას" გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც "ნამახვანჰესის" მშენებლობა წყდება და საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება უქმდება.

მისივე თქმით, ელოდებიან ინფორმაციის საბოლოოდ დადასტურებას, ნამდვილად გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენ სხვა მოლოდინები გვაქვს ამ პროცესში, ანუ არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო ველოდებოდით დაძაბვას. რა ინფორმაციაც ახლა ვრცელდება, ამის მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა. ჯერ საბოლოოდ ველოდებით დადასტურებას, რამდენად სიმართლეა, რადგან ოფიციალური უწყებები ამასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. არც „ენკას“ უთქვამს ჯერ თავად და არც ეკონომიკის სამინისტროს, რომ ნამდვილად გაწყდა ხელშეკრულება. ამიტომ, არ გვინდა, ისე გამოვიდეს, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ. თუმცა სხვადასხვა სანდო წყაროდანაც გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და „ენკას“ შორის ხელშეკრულება გაწყდა. ჩვენ ჩვეულებრივ ვრჩებით ხეობაში იქამდე, ვიდრე არ დაიწყება აქედან უშუალოდ ტექნიკის გაყვანის პროცესი და ამას არ დავაკვირდებით ჩვენი თვალით, რადგან სიტყვაზე ნდობა, რომ გადის, ჩვენ დავიშალოთ და წავიდეთ, არ იქნება სწორი და საქმისთვის მიზანშეწონილი“,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველების ნაწილი ეწინააღდეგებოდა. ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით, რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია მოეწყო. ხელისუფლებასა და აქციის ორგანიზატორებს შორის დიალოგი კი უშედეგოდ დასრულდა.

ირაკლი კობახიძე: კომპანია "ენკას" მხრიდან ნამახვანჰესის ხელშეკრულების გაუქმება, ცუდად აისახება შემდგომ ინვესტიციებზე

ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს

ენერგოუსაფრთხოების ექსპერტი: ნამახვანჰესის უსაფრთხოდ აშენებას 2 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა, ახლა კი 750 მილიონ დოლარად აშენებენ

ენერგეტიკის ექსპერტი: ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს