გიორგი ვოლსკი:  ჩემთვის გაუგებარია ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სუს-იდან, სავარაუდოდ, გამოჟონილი ფაილების შესახებ გაუგებარია, კარლ ჰარცელის შემართება.

„აბსოლუტურად ნორმალურია ის, როდესაც ელჩთან აქვს საუბარი გარკვეულ თემებზე კონკრეტულ მასპინძელ ქვეყანას ან მასპინძელ ფორუმს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან, რა წარმოშობის არის ის მასალები, რომლებსაც ასე ატრიალებდნენ ჩვენი ოპონენტების მედიასაშუალებებში. ეს რეალობაა, რაც წარმოშობს დამატებით შეკითხვებს დანარჩენ შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. ფაქტია, რომ საზოგადოება თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, როგორც ფარული მოსმენებისგან, ისე ნებისმიერი სხვა მოქმედებებისგან, რომლისგანაც ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს ეს არის გარე, თუ შიდაგამოწვევები. აქედან გამომდინარე, დისკრედიტაცია ჩვენი სპეციალური სამსახურების არასწორი და ანტისახელმწიფოებრივია, რასაც ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში. მე ასე მგონია, რომ საკმაოდ ბევრ შეკითხვას პასუხი გაეცემა და დამატებითი კითხვებიც ბევრი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კარლ ჰარცელი ჩანაწერებზე: არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ

საქართველოს ელჩი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირის სათავო ოფისში დაიბარეს