კახა კალაძე: ნამახვანჰესის ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

თბილისის მერი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტის შეწყვეტას სახელმწიფოსთვის უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და აცხადებს, რომ ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

"ენერგეტიკის დარგისთვის პირდაპირ ვიტყვი უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი პროექტები ჩერდება. ჩვენ ქვეყანას რა რესურსიც გააჩნია მაქსიმალურად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რომ ენერგეტიკულად, ენერგიის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი. ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ ენერგია მიეწოდებოდეს ქვეყნის მოსახლეობას", - განაცხადა კალაძემ.

კომპანია ENKA Renewables-მა „ნამახვანჰესის“ პროექტის შეწყვეტის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. "ენკამ" საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სამინისტრო აუცილებლად გააგრძელებს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან.

"ვაგრძელებთ კომუნიკაციას, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.