ლიეტუვაში, კიბერ უსაფრთხოების სამსახურმა Xiaomi Corp-ის სმარტფონებში ფუნქციას მიაგნო, რომლის შესახებ სხვა ქვეყნებსაც აფრთხილებს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა მომხმარებლებს, თავი აარიდონ ჩინური მობილური ტელეფონების ყიდვას და ასეთის ფლობის შემთხვევაში კი, გადაყარონ ისინი. ამ მოწოდებით სამინისტრო მას შემდეგ გამოვიდა, რაც მთავრობის ანგარიშმა დაადგინა, რომ მოწყობილობებს ცენზურის დაწესების შესაძლებლობა აქვს.

სამინისტროს ცნობით, სმარტფონების მწარმოებლის Xiaomi Corp-ის ტელეფონები შეიცავს ცენზურას, რომელიც ავტომატურად აღმოაჩენს და ბლოკავს შემდეგ ტერმინებს: „თავისუფალი ტიბეტი“, „გაუმარჯოს ტაივანის დამოუკიდებლობას“ ან „დემოკრატიულ მოძრაობას“. სულ კი ასეთი 449 ჩინური ტერმინია და ის მუდმივად განახლდება.

„ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც Xiaomi-ს აღჭურვილობას იყენებს“, - ნათქვამია ცენტრის ანგარიშში.

ეროვნული კიბერ ცენტრის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ Xiaomi-ს ტელეფონი სინგაპურის სერვერზე აგზავნის ტელეფონის დაშიფრულ მონაცემებს. უსაფრთხოების ხარვეზი აღმოჩენილია Huawei, P40-შიც, მაგრამ სხვა ჩინელი მწარმოებლის, OnePlus- ის ტელეფონში მსგავსი არ უნახავთ.

„Xiaomi's Mi 10T-ის ტელეფონის 5G პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები გამორთულია „ევროკავშირის რეგიონისთვის“, მაგრამ მისი ჩართვა შესაძლებელია დისტანციურად ნებისმიერ დროს“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ანგარიშში.

Xiaomi კომენტარს არ აკეთებს.

ცნობისთვის, ლიეტუვასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში დაიძაბა. ჩინეთმა გასულ თვეს ლიეტუვისგან მოითხოვა ელჩის გაწვევა და თავადაც აღნიშნა, რომ გაიწვევდა მის დესპანს ვილნიუსში მას შემდეგ, რაც ტაივანმა გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში მის მისიას ტაივანის წარმომადგენლობა დაერქმევა.

ევროპასა და შეერთებულ შტატებში ტაივანის მისიები ქალაქ ტაიპეის სახელს იყენებენ და თავს არიდებენ მითითებას თავად კუნძულზე, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად აცხადებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი გასულ კვირას ესაუბრა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს და ხაზი გაუსვა მისი ქვეყნის მხარდაჭერას ჩინეთის მხრიდან ზეწოლის პირობებში.