„თალიბანი“ მისი მთავრობის ვიცე-პრემიერსა და ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „წარმომადგენელს“ შორის შეხვედრაზე იუწყება

„თალიბანის“ მთავრობის ვიცე-პრემიერი, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენელს“ შეხვდა. ეს ინფორმაცია „თალიბანმა“ Twitter-ზე გაავრცელა.

მისი მიხედვით, ავღანეთის ისლამური საამიროს ვიცე-პრემიერი, მოლა ბარადარ ახუნდი „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის უშიშროების სააგენტოების ოფიციალურ „წარმომადგენელს“, ალექსეი მაქსიმოვს შეხვდა.

„შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოება, ავღანეთში არსებული მდგომარეობა და ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მაქსიმოვის შესახებ გამოცემა Jam-news-ი სექტემბრის დასაწყისში წერდა.

„სამხრეთ ოსეთში მოულოდნელად ყურადღების ცენტრში ადგილობრივი სპეცსამსახურის მაღალჩინოსანი, მოსკოვიდან მოწვეული რუსეთის მოქალაქე მოექცა. ამის მიზეზი გახდა საეჭვო ფაქტები მის ბიოგრაფიაში, რომლებიც უცხოური წყაროს წყალობით გახდა ცნობილი. კერძოდ, მისი არარსებული სამხედრო დამსახურებები და ყალბი ჯილდოები. ხელისუფლება ამ სკანდალურ დანიშვნაზე კომენტარს არ აკეთებს. ალექსეი მაქსიმოვის შესახებ, რომელიც სკანდალის გმირი გახდა, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, მაქსიმოვი „სამხრეთ ოსეთში“ საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა ალექსეი ვარზიევმა 2019 წელს მიიწვია. მან ერთ დღეში რესპუბლიკის მოქალაქეობის და პოლკოვნიკის წოდების მიღება მოახერხა და სამსახურის უფროსის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. შემდგომში მან დაიკავა სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა. ოსური წყაროების ცნობით, მაქსიმოვი ახლა მოსკოვშია მივლინებული, სადაც საკუთარ თავს „სამხრეთ ოსეთის“ დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლად წარადგენს“, - წერს Jam-news-ი

ამავე წყაროს ცნობით, მაქსიმოვი პირველად საჯაროდ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას „სამხრეთ ოსეთში“ ოფიციალური ვიზიტის დროს, მიმდინარე წლის აგვისტოში გამოჩნდა. სწორედ მაშინ ვიდეოკამერებმა დაზვერვის ახალი მაღალჩინოსანი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელთა წინა რიგებში დააფიქსირეს.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, მაქსიმოვი 1991-93 წლებში, „იუგოსლავიაში გაეროს სამშვიდობო ძალების რუსეთის კონტინგენტის შემადგენლობაში” მსახურობდა. თუმცა, ასეთი კონტიგენტი იმ დროს არ არსებობდა. პირველი რუსული ქვედანაყოფები ბოსნიაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში მხოლოდ 1996 წელს გამოჩნდა.