დღეიდან, ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა გაუქმდა. სკანდინავიური ქვეყანა შეუერთდა მცირე, მაგრამ მზარდ ქვეყნებს, მათ შორის დანიასა და ბრიტანეთს, რომლებმაც კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს.
როგორ მიაღწია ამას ნორვეგიამ და რა ნაბიჯები გადადგა შედეგის მისაღწევად, ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურად საუბრობს.
როგორც ირკვევა, ნორვეგია პანდემიის მართვას პრემიერის სლოგანის კვალდაკვალ, კოვიდვითარების 4 ინდიკატორით შეფასების საფუძველზე განაგრძობს. ქვეყანა პანდემიის კონტროლის რეჟიმზე გადავიდა. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთხოვნაა, რომ ადამიანი დარჩეს სახლში და გაიკეთოს კოვიდტესტი. ეს ასევე ეხებათ ვაქცინირებულებსაც.
„უპირველეს ყოვლისა: უნდა აღნიშნოს ის დევიზი/სლოგანი, რომელიც გამოიყენა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა, როდესაც მან შეზღუდვების მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება. მან აღნიშნა, რომ შაბათიდან, 25 სექტემბრიდან, ნორვეგიაში იწყება ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება გაზრდილი მზადყოფნით.
ანუ, შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა „თავქუდმოგლეჯილი გადაეშვება პანდემიამდე არსებული ცხოვრებისკენ“. ქვეყანა კარგად აანალიზებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ყოველდღიური ცხოვრება ნორმალურს უბრუნდება, პანდემია არ დასრულებულა.
ზოგიერთი ადამიანი მაინც დაავადდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს აცრილი რაც შეიძლება მალე. გარდა ამისა, ნორვეგიამ გამოიყენა პანდემიის წელიწადნახევარი, რათა ესწავლა პანდემიის მართვა, გაეძლიერებინა მზადყოფნა, რომ ქვეყანამ შეძლოს სწრაფად განახორციელოს ზომები, თუკი სიტუაცია ამას მოითხოვს. პირობების შემსუბუქებასთან ერთად, ეროვნულ დონეზე გაგრძელდება ძლიერი მონიტორინგი, რომელიც სწრაფად გამოავლენს ეპიდაფეთქებებს და ვირუსის ახალ ვარიანტებს, და ადგილზევე გაგრძელდება ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება ისე, რომ ქვეყანა მზად იქნება სიტუაციის მოსაგვარებლად, თუ ის შეიცვლება. რა იყო ამ გადაწყვეტილების მთვარი მიზეზი - ვაქცინაციის მაღალი დონე, რაც ეპიდემიის გავრცელებას აფერხებს.
ახლა ვაქცინაციის მაჩვენებელი თითქმის 84%-ს შეადგენს, იმავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია მიზნისთვის, რომ 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 90 პროცენტი სრულად იყოს აცრილი. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია ახლა კონტროლის ქვეშაა, არსებობს მნიშვნელოვანი გაურკვევლობა ზამთართან, კორონავირუსთან, გრიპთან და სხვა ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით.
ამიტომ გრძელდება მოთხოვნა ჰიგიენური წესების დაცვისა, ხოლო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოთხოვნაა, რომ ადამიანი დარჩეს სახლში და გაიკეთოს კოვიდტესტი. ეს ასევე ეხებათ ვაქცინირებულებსაც. თუ კორონავირუსით ხართ დაინფიცირებული, თქვენ უნდა იზოლირდეთ, რათა სხვები არ დაინფიცირდნენ. ეს არ იქნება რეკომენდაცია, მაგრამ წესია, რომლის დარღვევისთვისაც შეიძლება, დაჯარიმდეთ.
აქამდე მთავრობის სტრატეგიის მთავარი მიზანი იყო პანდემიასთან ბრძოლა, ახლა, რაც აცრით მოცვა ასეთი მაღალია, ქვეყანა გადავიდა პანდემიის კონტროლის რეჟიმზე. ახალი მიზანი მთავრობის სტრატეგიაში არის ის, რომ პანდემიამ არ გამოიწვიოს დაავადების მნიშვნელოვანი გაზრდა და შესაბამისად, გადატვირთოს მუნიციპალიტეტებისა და საავადმყოფოების შესაძლებლობები.
ამავე დროს, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ყველაზე ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება. ნორვეგია განაგრძობს შუქნიშნების მოდელის გამოყენებას სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის. თუ ცალკეულ მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ ინფექციის მდგომარეობა მიუთითებს ადგილობრივი ზომების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე, შუქნიშნის მოდელი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებების მიღებას. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მივცეთ მაქსიმალურად ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანია აცრილი, შეიძლება, კვლავ შეიქმნას სიტუაციები, როდესაც საჭიროა ადგილობრივი ზომების მიღება და მუნიციპალიტეტები ამისთვის მზად არიან.
სიტუაცია თვითდინებაზე არ იქნება მიშვებული და ქვეყანა მუდმივად შეაფასებს არსებულ მდგომარეობას საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად. კოვიდსიტუაციის შესაფასებლად კი, ეს ოთხი ინდიკატორი იქნება გამოყენებული: რამდენი ადამიანია ჰოსპიტალიზებული; რამდენია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში; ჰოსპიტალიზებულთა ასაკობრივი განაწილება, მუნიციპალიტეტების (ჰოსპიტლების და პირველადი ჯანდაცვის სისტემის) შესაძლებლობები, ანუ, რომ გავიმეოროთ ის, რაც დასაწყისში აღვნიშნე - შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს, რომ ნორვეგია თავქუდმოგლეჯილი გადაეშვა პანდემიამდე არსებულ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.