ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

„რა სარგებლობა მოაქვს მამალს?“

ის პატარა ბიჭი ხომ ყველას გახსოვთ, მორიდებით რომ აწია ხელი უკანა მერხიდან და „ჩინჩლავსო“ წამოიძახა? ძალიან სასაცილოდ გვეჩვენებოდა ყველას ეს პასაჟი, პასაჟი სულელ მოსწავლესა და მკაცრ მასწავლებელზე, ან იქნებ პირიქით, თუ როგორც არის... საბჭოთა განათლების სისტემას ბევრი მისტირის - წესრიგი იყოო, ზრდილობაო, ბავშვები ბევრ რამეს სწავლობდნენო... უფრო სიღრმისეული არგუმენტების მოყვარულები იმასაც დასძენენ, პრუსიულ სისტემას ეფუძნებოდაო... საქართველოში პრუსიულ-გერმანული სისტემები ყოველთვის რაღაც კარგს ნიშნავდა ცნობიერად თუ ქვეცნობიერად... პრუსია 150 წელია, აღარ არსებობს და 150 წელია, გერმანელები დაუღალავად ქმნიან ახალ სისტემებს...

როგორი იქნებოდა მსგავსი ეპიზოდის აღქმა დღეს, დასავლურ განათლების სისტემაზე გადართვის მცდელობის პროცესში? - არაპროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, საკლასო ოთახში გამეფებული ბულინგი, მოსწავლე-მსხვერპლი, რომელსაც ადრეული წლებიდანვე უკლავენ ინიციატივას და კრეატივის სურვილს... ამას იტყვიან ერთეულები და უმრავლესობაში მყოფნი მიაძახებენ - შე მატრაკვეცაო, ბავშვებს რიდს და დისციპლინას აღარ ასწავლიანო, სწავლა ჩვენს დროს იყოო... ნამდვილი, პრუსიულ სისტემაზე დაფუძნებული სწავლაო...

ვინაიდან დავა ამ საკითხზე მულტიაქტორულ, მულტივექტორულ თუ მრავალ სხვა „მულტი“ განზომილებას მოიცავს (საოცარი თავსართია ეს „მულტი“...), საკითხი მოითხოვს ინტერდისციპლინურ, ინტერუწყებრივ თუ მრავალ სხვა „ინტერ“ ჩართულობას (ჯადოსნური თავსართია ეს „ინტერ“... ). აი, აქ გამოჩნდებიან ნასწავლი თუ თვითნასწავლი „ედუქათიონალისტები“, ქოუჩები თუ ფსიქოლოგები ტრენინგებით მოვლენათა განსხვავებული რაკურსიდან დანახვის აუცილებლობაზე.

რადგან ყველა ტრენინგი იწყება „ყინულის გალღობის ტექნიკით“, ვინმემ შესაძლოა, გასაბერი ექვსიანიც მოიყოლოს და ექვსიან-ცხრიანად ატრიალოს მეტი ეფექტურობისთვის... ტრენინგი იქნება კრეატიული, პოზიტიური (და ბვრი სხვა „იული“ და „იური“...) ვიდრე კონფლიქტის ესკალაციამდე - გოგებაშვილის საგანმანათლებლო რევოლუცია უნდა გავიგოთ როგორც მისი ტექსტების უცვლელად შენარჩუნების (და სხვა მსგავსი ტექსტების შექმნის) აუცილებლობა თუ როგორც მისი საგანმანათლებლო მეთოდის (რაც იმდროინდელ დასავლურ საგანმანათლებლო რევოლუციასთან იყო მჭიდრო კავშირში) გამოყენება, რომლის მიხედვითაც ბავშვს უნდა ვასწავლოთ მისთვის ნაცნობი სიტყვები მისი ნაცნობი გარემოდან?

ბავშვს უნდა ვასწავლოთ ცხოვრება, რომელშიც მალე შეაბიჯებს? აი, აქ კი კისერს წაიტეხავს ნებისმიერი „ედუქატიონალისტი“ (ნასწავლი თუ თვითნასწავლი) ეგზისტენციალურ პრობლემაზე - თანამედროვე ბავშვმა პლანშეტის და კომპიუტერის მეტი აღარაფერი იცის, მე-19 საუკუნის ბავშვს კი ძარღვიანი ქართული სიტყვები ხვდებოდა ყურში... თანამედროვე ბავშვს ცხოვრებას ვერ ვასწავლით, იმიტომ, რომ თანამედროვე ცხოვრება ამორალური, უსამართლო და სასტიკია...

კონფლიქტის დასასრულზე რა მოგახსენოთ, მაგრამ სხვადასხვა მხარე აუცილებლად შეთანხმდება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - სახელმწიფოს მომავალი ახალგაზრდების განათლებაზე დგას... დიახ, „მულტი“ და „ინტერ“ არგუმენტების, სტატისტიკური მონაცემების, საველე თუ სამაგიდე კვლევებისა და დიდი ალიაქოთის შემდეგ დასკვნა იქნება აი ასეთი პრიმიტიულობამდე მარტივი... არ დასვათ კითხვა, რას ნიშნავს განათლება, თორემ ხელახლა დაიწყება მთელი ეს ფანტასმაგორია...

***

როგორც მშობელს და როგორც ჰუმანიტარს, ბევრჯერ მომანიჭა სიამოვნება მე-19 საუკუნის ძარღვიანი ქართულის საამურმა ჟღერადობამ საბავშვო ტექსტებში - ფიწალი, სახნისი, გორგომიჭელა, კერია... გადავწყვიტე, ჩემი წვლილი შემეტანა შვილის განათლებაში და მისთვის მინი-ლექსიკონი შემედგინა გუგლის მეშვეობით... პირველივე მცდელობამ იმედი გამიცრუა: „ფიწალი - მემინდვრეობის კულტურების ნამჯეულობის ასაღები ხელსაწყო...“

როგორც მრავალ ტრენინგ ჩატარებული და მრავალ ტრენინგ ჩამტარებელი „ედუქატიონალისტი“, მსწრაფლად გადავერთე ვიზუალიზაციაზე - ფოტოები გუგლიდან, ნაწყვეტები მხატვრული ფილმებიდან... თუმცა, როგორც კაპიტალიზმის მსხვერპლს და მრავალ სამსახურში გაბნეულს, შვილისთვის განკუთვნილი დროითი რესურსი მსწრაფლად და შეუქცევადად ამომეწურა ონლაინ სწავლების პირველივე კვირაში...

როგორც მშობელს და თან ჰუმანიტარს, სულ მეტირება ქართულ მულტფილმებზე - საყვარელი თოვლის გუნდა ჩამრგვალებული ცხვირ-პირით... ბუთქუნა ბომბორა ტაკუცუნებზე კემსით... მუცელგაბერილი მთვრალი წრუწუნა... როგორც 90-იანი წლების ახალგაზრდას, სულ მეცინება ტომი და ჯერიზე... დისნეის გმირების გამოჩენა გასაოცარი, გა-სა-ო-ცა-რი ემოცია იყო ჩვენს ახალგაზრდობაში - უცნაური დრო იყო, მულტფილმებს ვუყურებდით და თან ოჯახის შექმნას ვჩქარობდით, ოჯახებს ვქმნიდით და თან მულტფილმებს ვუყურებდით...

მიუხედავად იმისა, რომ თავი სრულიად ახალგაზრდად და ნოვატორად მიმაჩნია (ალბათ, გული არ ბერდება) და ინგლისური ენაც მშვენივრად მესმის, ვერაფერი გავუგე თანამედროვე მულტფილმებს - არც ლამაზია, არც საყვარელი, არც მუსიკალური... როგორც მშობელი, მრავალჯერ დავმარცხდი ბავშვების ეკრანებთან მიჯაჭვულობასთან ბრძოლაში და ბოლოს დავნებდი - მეც ჩავუჯექი იმ „მახინჯ“ მულტფილმებს, ვიღაც ბილი, ჯიმი თუ ტომი რომ ქმნის ჩვენი შვილებისთვის...

წესრიგის და ზრდილობის ჩვენეულ გაგებაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ბევრ სხვა საინტერესო რამეს ნამდვილად წავაწყდი - ამბები ბულინგსა და თანადგომაზე, თანამშრომლობასა და კონფრონტაციაზე, კანონსა და მოქალაქეობაზე, გადასახადებსა და ეკონომიკურ ინიციატივაზე, პირველ სიყვარულსა და პირველ ხელფასზე, გმირობასა და სიმხდალეზე, ოჯახსა და ინდივიდზე, პროგრესსა და ტექნოლოგიებზე, წარსულსა და მომავალზე...

როგორც მრავალ ტრენინგ ჩატარებულმა და მრავალ ტრენინგ ჩამტარებელმა „ედუქატიონალისტმა“ გვერდზე გადავდე „მულტი“ და „ინტერ“ მიდგომები და ვიღაც ბილის, ჯიმის თუ ტომის მივანდე ამბების მოყოლა იმ ცხოვრებაზე, რომელიც ასე ეოცნებებათ ჩვენს შვილებს და რომლისაც არაფერი გაგვეგება ალბათ... ცხოვრებაზე, რომელიც შესაძლოა, არც არასდროს დადგეს მხოლოდ ბილის, ჯიმის თუ ტომის იმედად...

***

თურმე ვიღაცები უკვე ცხოვრობენ ჩვენს მომავალში და ჩვენ მათზე არაფერი ვიცით... ჩვენ არ ვიცნობთ ჩვენს ბავშვებს ჩვენი მომავლიდან... ჩვენ კრიმინალურმა ქრონიკამ გვამცნო, რომ ჩვენივე წარსულმა მოკლა ჩვენი მომავალი - იმ საოცარ ბიჭზე, მხოლოდ მისი მკვლელობის შემდეგ გავიგეთ უმრავლესობამ...

ადამიანები კვდებიან, იდეები ცოცხლობენ და მომავალი აუცილებლად დადგება...