გმირთა მემორიალთან დაპირისპირებისას, პოლიციამ ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" თავმჯდომარე დააკავა

გმირთა მემორიალთან, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, დაპირისპირება მოხდა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაცია "დევნილები დევნილებისთვის" წევრები, აფხაზეთის მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, რასაც სამართალდამცველებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ტორუა.

დღეს, 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. გმირთა მემორიალს ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით ამკობენ. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მივიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. დღესვე, ადგილზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.