„პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, რომელიც საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს. თითოეულ მათგანს გაქვთ საშუალება, შეამოწმოთ შედეგები“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და იკითხებიან სუს-ისთანამშრომლები.
„მე რატომ უნდა დამიბარონ დაკითხვაზე. რა შუაში ვარ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, იკითხებიან. თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. გაირკვევა სიმართლე და ყველას თავის საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში და ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში. ყველაფერი წინ არის და დაელოდეთ. გამოძიების შედეგები აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“,- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იბარებენ გამოკითხვაზე თავად ლილუაშვილს, სუს-ის უფროსმა განაცხადა, რომ გამოძიება თუ ჩათვლის საჭიროდ, ყველა გამოიკითხება.
ამასთან, ის, გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას მის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის.
„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
12 სექტემებრს გვიან ღამით, სავარაუდოდ სუს-ის მიერ წარმოებული ჩანაწერების შესახებ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული - „სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“. მასში განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო- და აუდიოფაილი სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და სხვა მოქალაქეების კომუნიკაციის შესახებ.