ყარაბაღი 44-დღიანი ომის შემდეგ - Europetime-ის რეპორტაჟი ყარაბაღიდან
ყარაბაღში ბოლო საბრძოლო მოქმედებები ერთი წლის წინათ, 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 44 დღე გაგრძელდა. 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანმა ყარაბაღის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა. ხანქენდი, რომელსაც სომხებმა სტეფანაკერტი უწოდეს და მთინი ყარაბაღის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდა, აზერბაიჯანის ფაქტობრივი კონტროლის მიღმაა. მის შესასვლელებს რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ, რომელთაც სამშვიდობოების სტატუსი აქვთ.
გოგა ჩანადირის ფოტოები სპეციალურად Europetime-სთვის
ყარაბაღში იმყოფებიან თურქი დამკვირვებლებიც. აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად წოდებული შუშა სამშენებლო პროცესშია ჩართული. აქ უკვე გაიხსნა სასტუმროები და რამდენიმე კულტურული ძეგლი განახლდა. თუმცა, ქალაქის მნიშვნელოვან აღდგენამდე მოსახლეობის დაბრუნება არ იგეგმება. ყარაბაღში გზებს გამალებულ რეჟიმში აკეთებენ. ფუზულში კი მალე საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნება. საოცარი ტემპით ააშენეს ეს სტრატეგიული წერტილი. მთელი ყარაბაღი დანგრეული და მიწასთან გასწორებულია. ასიათასობით სახლია განადგურებული.
მხოლოდ შუშა და ხანქენდი გადარჩა და ისიც იმიტომ, რომ იქ კონფლიქტის დროს ხალხი ცხოვრობდა. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დანაღმულია და ახლა განაღმვითი სამუშაოებია.
მხოლოდ აღდამის რაიონში 98 ათასი ნაღმია ჩადებული. ამ მიზეზით ბოლო ომის შემდეგ 50-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა ყარაბაღში. ნაღმების რუკა საქართველოს მთავრობის შუამავლობით სომხეთმა აზერბაიჯანს 15 სამხედრო ტყვის გათავისუფლების სანაცვლოდ გადასცა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ რუკების ნაწილში ცდომილებაა, რაც განაღმვას ართულებს.
წინასწარი გათვლებით, კონტროლაღდგენილი ტერიტორიის სრულ განახლებას 50 მილიარდი დოლარი დასჭირდება. დამატებითი თანხები კი უსაფრთხოებისთვის გამოიყოფა. აზერბაინში მიაჩნიათ, რომ კონფლიქტებისა და ომების დრო არ არის და მზად არიან სომხეთთან კეთილმეზობლური, მშვიდობიანი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობების დასაწყებად.
ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტამ თანამედროვე სამყაროში ახალი პრეცენდენტი შექმნა და იმ ქვეყნებს, რომლებსაც ტერიტორიულ მთლიანობის პრობლემები აქვთ, საკუთარი კონფლიქტების მოგვარების იმედი ჩაუსახა, რომელთა შორისაც საქართველოც არის.