ცესკო ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების გამოკვრაში სამართალდარღვევას ვერ ხედავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში წინასაარჩევნოდ განთავსდა, სამართალდარღვევის ოქმს ვერ შეადგენს, რადგან კანონმდებლობა არ დარღვეულა.

ცესკო-ში განმარტავენ, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით, ასევე, მოკვლევის თანახმად, ბანერების განმათავსებელი პირი არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს.

"საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, - ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი", - აცხადებენ ცესკოში.

აქვე აღნიშნულია, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, არ დარღვეულა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არ არსებობს სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველი.

ე.წ სისხლიან ბანერებს ISFED ცესკო-ში ასაჩივრებს და აუდიტის სამსახურისგან ბანერების დამფინანსებლის გასაჯაროებას ითხოვს