ევროპარლამენტის დამკვირვებლები თბილისში არიან

ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისია საქართველოს ეწვია. დამკვირვებლების ვიზიტი 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი).

ევროპარლამენტარები ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს.

ამავე თემაზე:

რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან

ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა