ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისია საქართველოს 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროპარლამენტში დაუდასტურეს. არჩევნების შესახებ განცხადება კი საქართველოში მისიის დასრულების შემდეგ გავრცელდება.
ევროპარლამენტარმა, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდმა 9 სექტემბერს დაწერა Twitter-ზე, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. უფრო ადრე კი, ამასთან დაკავშირებით, პირველად, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა.
„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას.
ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Europetime-თან.
მანამდე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალდო პარტიის ჯგუფი, ქრისტიან დემოკრატები) Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა იგეგმებოდა.
ცნობისთვის, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ევროპარლამენტარებთან ექსკლუზიური ინტერვიუები ჩაწერა და მას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის