უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეზღუდვაზე ცნობას, პრემიერმა დეზინფორმაციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობის კლასიკური მაგალითი უწოდა

„გუშინ ვიხილეთ მორიგი, კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს, რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს, ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის ხელწერა, მათი სახე, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რაც გუშინვე დადასტურდა, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Euobserver-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ევროკავშირში დისკუსიაა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და ხელშესახები პროგრესი უვიზო რეჟიმია.

„ჩვენი მოქალაქეები დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. მანამდე, წინა მთავრობის დროს, ეს წარმოუდგენელი იყო და ალბათ ამაზე ვერავინ იოცნებებდა. ჩვენ ამასა მივაღწიეთ და გუშინ ვიხილეთ მორიგი, კლასიკური დეზინფორმაცია, თითქოს რაღაც საფრთხე ემუქრებოდა უვიზო რეჟიმს. ეს არის სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციის ხელწერა, მათი სახე. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, გუშინვე დადასტურდა ეს, მათ შორის ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ არავითარი მსგავსი არ იგეგმება და ეს არც მოხდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.