მარკეტა გრეგოროვა: მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ყველა მხარეს საკუთარი ამომრჩევლის დამშვიდებისკენ მოუწოდებს. Europetime-მა არჩევნების წინ ჰკითხა ევროპარლამენტარებს, რა მოლოდინები აქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც სადამკვირვებლო დელეგაციაში შედიან და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს 30 სექტემბერს ეწვივნენ. მათ შორის არის ჩეხი პოლიტიკოსი მარკეტა გრეგოროვა.

„არჩევნების წინ იყო ძალადობა და შიში იმისა, რომ ეს კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო.

ყველა პარტიას ჰქონდა შანსი, ეჩვენებინა რისთვის იბრძვის - ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ხმის მიცემით მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, სადამკვირვებლო მისიების მუშაობის შედეგად მივაღწევთ წარმატებულ არჩევნებს ყოველგვარი გადაცდომის გარეშე“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დააკავეს.