კიევი საქართველოს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსული დაუშვას

უკრაინაში საქართველოს საქმეთა რწმუნებულ სანდრო თოფურიასთან შეხვედრისას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს წარმომადგენელს სთხოვა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსული დაუშვან. ამის შესახებ სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ქართულმხა მხარემ უკრაინულს, ექსპრეზიდენტის დაკავების გარემოებები გააცნო.

ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.

„უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას, მოითხოვა უკრაინის კონსულის ვიზიტი საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით“, - დაამატა უწყების სპიკერმა.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით იმედგაცრუელბულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისი. მისი ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევი ელოდება შესაბამის გონივრულ პასუხს საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან და გადაწყვეტილებას მიიღებენ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ.

„არსებული სიტუაცია პრეზიდენტის მუდმივ კონტროლზეა. ეს ჩვენთვის მართლაც ცოტა გაუგებარია. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, - აცხადებს მიხეილ პოდოლიაკი.

პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ამავე თემაზე:

დმიტრო კულება: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო მას საჭირო დახმარებას გაუწევს

მმართველი გუნდი განმარტავს, რატომ უარყოფდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია