ამირან გამყრელიძე: ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდება ტვინდემია- გრიპის და კორონას დატყუპება, სამწუხაროდ გვექნება ძალიან რთული ნოემბერი

„ოქტომბრის ბოლოს, გამოჩნდება გრიპი. უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი – ტვინდემია. ტვინდემია არის ამ ორი ინფექციის, გრიპისა და „კოვიდის“ დატყუპება. სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.

ამირან გამყრელიძე გამოსავალს მხოლოდ მასობრივ ვაქცინაციაში ხედავს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს აცრისკენ.

„ბოლო დღეებში ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. თან ახლა მოდის ცივი სეზონი, უკვე აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები. ეს ძალიან საყურადღებოა. ამიტომ მინდა, მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება. თუ არ ავიცერით და თუ არ დაგროვდა ქვეყანაში კრიტიკული მასა იმუნური ფენისა, სხვადასხვა გათვლით, დღეს გვაქვს 50-55 პროცენტის ფარგლებში იმუნური ფენა.

თუ ეს არ იქნება დაახლოებით 80 პროცენტი ანუ გადატანილი, პლუს აცრილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვექნება ძალიან რთული ნოემბერი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, ყველა ტელევიზიას გთხოვთ უმორჩილესად, დიდი დრო დაუთმეთ, ხალხთან ჩვენთან ერთად მუშაობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი და 959 მძიმე პაციენტი

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 815 ადამიანი აიცრა, ორი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 29%-ია აცრილი