იაპონიაში მიწისძვრამ ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია

იაპონიაში მიწისძვრამ ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52 -მდე გაიზარდა.

იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობა ტოკიოს მოსაზღვრე საიტამასა და ტიბას პრეფექტურებიდან არიან. მათ უმეტესობას მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ზოგიერთს, ავეჯის და სხვადასხვა საგნის დაცემის შედეგად მოტეხილობა და სხვა სერიოზული ტრავმებიც აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, სარკინიგზო მოძრაობა უმეტესწილად აღდგენილია, მუშაობა განაახლა მეტრომაც. თუმცა, კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ზონაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჯერ კიდევ შეფერხებით მოძრაობს.

იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოსა და ტიბას პრეფექტურებს შორის საზღვარზე, 75 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.