ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ქალი ამოიყვანეს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ წაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით გადარჩენილი ის ქალია, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოხვდა ნანგრევებში. ბავშვების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. მაშველებმა კიდევ რამდენიმე საკაცე მოამზადეს.
რამდენიმე საათის წინ ნანგრევებში მოყოლილი კორპუსის წინ მდგარი მანქანიდან მაშველებმა ორი ბავშვის გამოყვანა მოახერხეს. მას შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნანგრევებში ადამიანი იპოვეს.
პოლიციის ცნობით, მცირეწლოვნების გარდა, ნანგრევებში 10-დან 15-მდე ადამიანი მოჰყვა. აქედან ორი ადამიანი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ. მაშველებმა უკვე გამოიყვანეს ერთი ბავშვი, რომელიც ბათუმის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილია.
ექიმების თქმით, მას მცირე მოტეხილობები და ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება.
დაშავებული ბავშვის მამის განცხადებით, კორპუსის პირველ სართულზე, სარდაფში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ნგრევა სავარაუდოდ, ამ სამუშაომ გამოიწვია.
ამ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს, ჩამონგრეულ ნაწილში კი, დაახლოებით 15 ოჯახი.