საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს“,- წერს ჰარცელი „ტვიტერის“ გვერდზე.
8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.