ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკის პალატაში, სადაც ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, ჭერი ჩამოიშალა

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, ერთ-ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა.

შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. პაციენტების მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს.მიმდინარეობს გამოძიება.

თვითმხილველებმა მომხდარის შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

"ჩამოვარდა თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია, მომხდარი შენობის დაზიანებაზე არ მიანიშნებს", - წერია განცხადებაში, რომელსაც იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პალატაში თაბაშირ-მუყაოს ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.

პაციენტების სხვა პალატაში, მათთვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა კი დაუყოვნებლივ მოხდა.

''ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და მედპერსონალს ინციდენტით გამოწვეული შიშისა და დისკომფორტისთვის. ჰოსპიტლის საინჟინრო სამსახურების მიერ მყისიერად მოხდა ფაქტის შესწავლა. დადგინდა, რომ ჩამოვარდა შეკიდული ჭერის, თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და მომხდარი არ მიანიშნებს შენობის კონსტრუქციის დაზიანებაზე.