უკრაინამ ამერიკისგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღო.

უწყების ცნობით, უკრაინამ სამხედრო დახმარება პრეზიდენტს ვოლოდომირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დროს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მიიღო. ტვირთი კიევის ბორისპოლის აეროპორტში კვირას ჩავიდა.

შეთანხმებული 250 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების გარდა, ამერიკელი პარტნიორებისგან უკრაინამ ასევე დამატებით მიიღო 60 მილიონი დოლარის ღირებულების ტვირთი, მათ შორის სამედიცინო აღჭურვილობა, საბრძოლო მასალები, რადიოლოკაციური სადაზვერვო და სხვა სამხედრო აღჭურვილობა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წლიდან ვაშინგტონმა კიევს ორი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მატერიალურ-ტექნიკური დახმარება აღმოუჩინა.