თენგიზ ცერცვაძე: დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა ქვეყანას კატასტროფულ შედეგს მოუტანს

„დღეში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს.

„თუ ჩვენ ასეთი აბსურდის თეატრი გავაგრძელეთ, რომ იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე. როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით თვე-ნახევარი, ბოლო ერთი კვირაა, გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია,

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევების მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია.

„2 000 მეტი შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, რაც საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც. შესაძლებელია ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათში მხოლოდ 3 442 ადამიანი აიცრა.

ამავე თემაზე:

რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში