საქართველოში ვაცქინაციის მაჩვენებელმა 16 სექტემბრიდან საგრძნობლად იკლო. დღიური მაჩვენებელი 30 000-ს აღწევდა, თუმცა ახლა ეს მონაცემი განახევრებულია. ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას ჯანდაცვის სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ და კოვიდვაქცინირებულთა მცირე რაოდენობის არსებობის შემთხვევაში მძიმე მოლოდინები აქვთ. მაშინ, როდესაც რიგ ქვეყნებში ვაქცინირებულთა პროცენტული მაჩვენებელი 60-80%-ს აღწევს, საქართველოში ჯერ მხოლოდ 27%-ია სრულად ვაქცინირებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, 24 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას ვაქცინაციის ტემპის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა დაასახელა.
„ვაქცინაციის კუთხით, აგვისტო ძალიან კარგი იყო, დღეში გვქონდა 23 000 აცრა. 715 000 აცრა ჩატარდა მთლიანად აგვისტოში. სექტემბრის 15-16 რიცხვამდე მოვდიოდით კარგი მაჩვენებლით. გვქონდა დღეში 24 000 აცრა.
ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო აცრების რაოდენობა, ვიდრე აგვისტოში, ავსულიყავით 800-900 ათასზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე არ გამოდის.
ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კომუნიკაციას კიდევ ვაკლებთ მოსახლეობას. მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმცია. რაიონულ ცენტრებში კი არ ჩამოვიყვანოთ ასაცრელად, არამედ, მივიდეთ თითოეულ სოფელში, თითოეულ დასახლებულ პუნქტში, დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არის დიდი სიკეთე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კვლევების მიხედვით, რომელიც NDI-მ ჩაატარა, საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია (47%) სოფლის ტიპის დასახლებებში.
მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45% ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71%-ია.
რა შეიძლება იყოს ვაქცინაციის კლების მიზეზი. მაგალითად, NDI-ის კვლევებში 47% ამბობს, რომ არ აიცრებოდა, 35% თანახმაა, აიცრას. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მსურველები უკვე აიცრნენ და სკეპტიკოსებში განწყობა ვერ შევცვალეთ? ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ გარემოებას იზიარებს.
„საქართველოში ვაქცინაციის კლების მიზეზი მრავალია, თუმცა ძირითადი ალბათ არის, ის რაც თქვენ ახსენეთ. სამწუხაროდ, ქვეყანამ ვერაფერი დაუპირისპირა ანტივაქსერულ განწყობებს საქართველოში, ქვეყანამ ვერ მოახერხა, რომ ჩაეტარებინა მასობრივი საგანმანათლებლო კამპანია, რათა მოსახლოებისათვის მიეცა ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ. ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ძნელი ხდება იმ ადამიანების გადარწმუნება, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე ორჭოფობენ.
შესაბამისად, საქართველომ შეიძლება ითქვას, დაკარგა 8 თვე მაინც, რომ ასეთი კატეგორიის ხალხისთვის მიეცა ამომწურავი ინფორმაცია და ეს პროცესი რატომღაც თვითდინებასა და თვითშეგნებაზე მიუშვა. ყველანი აიცრებიან, აბა რას იზამენ, ზედმეტი ენერგიის დახარჯვა არ არის საჭირო - ასეთი განწყობით დაიწყო კოვიდიმუნიზაციის პროგრამა და რა სამწუხარო შედეგებიც დადგა, ყველა ხედავს.
სამუშო არ ჩატარდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთა დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ გამოვიდა და ზოგიერთის ორაზროვანი სტატუსებით კიდევ უფრო დააბნია ის მოსახლეობა, რომელიც ორჭოფობდა. ამას დაემატა ისიც, რომ სუსტ პირველად ჯანდაცვის სისტემას არ ეყო სიმძლავრეები, რომ აქტიურად ჩართულიყო იმუნიზაციის პროცესში. ზედმეტად ოპტიმისტური განცხადებები კი, რომ ყველაფერი მაინც კარგად არის და იქნება, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა Europetime-თან.
ცნობისთვის, NDI-სი მიერ, 12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევით, აცრაზე უარის თქმის მიზეზები განსაზღვრა. 47% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა და აუცრელობის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. შემდეგ მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით 20% ამბობს აცრაზე უარს.
13% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. 7%-ის აზრით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია 2%. კითხვაზე პასუხი: სხვა - 5%, არ ვიცი - 5%.
ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება.
აცრის დასაჯავშნად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3
ამავე თემაზე: